21-ე საუკუნეში „სამართლიანობის ლიგა“ არაერთხელ გამოჩნდა როგორც დიდ, ისე მცირე ეკრანებზე, ოფიციალური თუ არაოფიციალური ფორმატით. „სმოლვილის“ მეექვსე სეზონში პროტო-ლიგის გამოჩენის შემდეგ, მსოფლიოს უდიდესი სუპერგმირები ტელევიზიით გაერთიანებას განაგრძობდნენ, სანამ საბოლოოდ, ზაკ სნაიდერმა ისინი დიდ ეკრანზე, ფილმ „სამართლიანობის ლიგაში“ არ გააერთიანა. თუმცა, მანამ სანამ DC კომიქსების ყველაზე პოპულარული გმირები ოფიციალურად გამოჩნდებოდნენ ლაივ-ექშენ ფორმატში, CBS მიზნად ისახავდა სუპერ-ჯგუფის სატელევიზიო ქსელში გაცოცხლებას – წამოწყება, რომელიც თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის. თუ არასდროს გინახავთ 1997 წლის სატელევიზიო პილოტი სერიალისთვის „ამერიკის სამართლიანობის ლიგა“, ალბათ თავს იღბლიანად უნდა მიიჩნევდეთ. მას შემდეგ, რაც CBS-მა სერიალი „ფლეში“ დახურა, არხმა გადაწყვიტა განეახლებინა ინტერესი DC სამყაროს მიმართ და მწვანე შუქი აუნთო ახალ სუპერგმირულ დრამას, რომლის მიზანიც მსოფლიოს უდიდესი სუპერგმირების გაადამიანურება იყო. 90-იანი წლების ბოლოს სუპერგმირთა გუნდმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა JLA კომიქსების სერიის წყალობით, რომელსაც სათავეში გრანტ მორისონი, მოგვიანებით კი მარკ უეიდი ედგნენ. უდავო იყო, რომ „სამართლიანობის ლიგის“ მიმართ ინტერესი არსებობდა და ბეტმენის ფილმების სერიის მიერ კინოთეატრების ბაზრის დომინირების ფონზე, ამ DC გმირებისთვის ერთადერთი ადგილი, რა თქმა უნდა, ტელევიზია იყო. ფელიქს ენრიკეს ალკალას (რომელიც მანამდე მალე გასაუქმებელი სერიალის „ლოის & კლარკი: სუპერმენის ახალი თავგადასავლები“ ერთ ეპიზოდს ხელმძღვანელობდა) რეჟისორობით, ლორნ კამერონისა და დევიდ ჰოსელტონის (რომლებმაც მოგვიანებით დისნეის „ძმა დათვით“ გამოისყიდეს თავი) სცენარით, „ამერიკის სამართლიანობის ლიგა“ ზედმეტად ცდილობდა, თავისი გმირები რიგითი მაყურებლისთვის ახლობელი გაეხადა. პილოტი 90 წუთს გრძელდება და მასში მოვლენები ახალგაზრდა მეტეოროოლოგის, ტორი ოლაფსდოტერის (კიმ ოჯა) გარშემო ვითარდება, გამოგონილ ქალაქ ნიუ მეტროში. მალე ტორი შემთხვევით აღმოაჩენს მანქანას, რომელიც მას გაყინვის ძალებს ანიჭებს და სუპერგმირ აისად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავიდან მას კონფლიქტში აყენებს „ამერიკის სამართლიანობის ლიგასთან“, გუნდი – რომელიც შედგება ბ.ბ. დაკოსტას / ფაიერისგან (მიშელ ჰერდი), გაი გარდნერის / მწვანე ფარანისგან (მეთიუ სეტლი), რეი პალმერის / ატომისგან (ჯონ კასირ) და ბარი ალენის / ფლეშისგან (კენი ჯონსტონი) – მალევე იღებს მას თავის რიგებში და წარუდგენს მათ ლიდერს, ჯ'ონ ჯ'ონზს / მარსიანელ მონადირეს (დევიდ ოგდენ სტიერსი, M*A*S*H-ის ვარსკვლავი). გარკვეულწილად კომედიური მიდგომით, პილოტი ჩვეულებრივ მასალას ერწყმის „ოფისის“ სტილის მოკუმენტურ ინტერვიუებს მსახიობებთან, რომლებიც უცნაურად იხსენებენ სუპერგმირულ დღეებს. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს ლიგის ბედზე, სანამ ეს სავალალო ჯგუფი დაუპირისპირდება კიდევ უფრო სავალალო „უეზერმენს“ (მიგელ ფერერი), რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ასევე მეტეოროლოგია. წარმოების დროს, Wizard Magazine ვარაუდობდა, რომ არხს JLA 1997-98 წლების სატელევიზიო სეზონის შუა პერიოდში „ფლეშზე“ წლების წინ უარის თქმის შემდეგ, სუპერგმირული ბრენდის აღორძინების იმედით სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს „ფლეშიც“ ბარი ალენი იყო, ჯონ უესტლი შიპის სერიალთან კავშირი არ არსებობდა. პროგრამა მიზნად ისახავდა ლიგის სამი უდიდესი წევრის, სუპერმენის, ბეტმენის ან ქალი საოცრების, არ გამოყენებას, თუმცა შესაძლებელია, რომ პირველი ორი Warner Bros. Television-ის ან DC კომიქსების მიერ სხვა გამოყენებისთვის იყო ემბარგოდადებული. იმავე წელს ჟურნალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პილოტის მეკობრული ასლები გამოჩნდა კონვენციებზე მთელს მსოფლიოში, რადგან „ამერიკის სამართლიანობის ლიგა“ კომიქსების მოყვარულთა შორის საყოველთაოდ ცნობილი გახდა. JLA კომიქსების მწერალმა მარკ უეიდმაც კი თქვა Wizard-თან: „ეს თქვენი ცხოვრების 70 წუთია, რომელსაც უკან ვერასდროს დაიბრუნებთ“. გასაკვირი არ არის, რომ CBS-მა უარი თქვა DC-ის უდიდესი სუპერგმირული გუნდის მცირე ეკრანზე ოფიციალურად გამოტანის ამ უცნაურ მცდელობაზე. ეს ნამდვილად უკეთესი იყო. მაშ, რატომ არ იმუშავა „ამერიკის სამართლიანობის ლიგამ“? პირველ რიგში, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა სურდა ყოფილიყო. მიზნად ისახავდა თუ არა ის ნამდვილ სუპერგმირულ დრამას, როგორც „ფლეში“ ან „ლოის & კლარკი“ იყო? სურდა თუ არა მას სუპერგმირების ირონიული ვერსიის შეთავაზება, ისევე როგორც 60-იანი წლების ბეტმენის სერიალი ან დიდი ხნის დავიწყებული „სუპერგმირების ლეგენდები“ სატელევიზიო სპეციალები? თუ, როგორც 1999 წლის პილოტის მიმოხილვაში The Austin Chronicle ვარაუდობს, ზედმეტად „სასოწარკვეთილად ცდილობდა ყოფილიყო „მეგობრები“ სუპერძალებით“? სახელის მიუხედავად, პერსონაჟთა სია უფრო მეტად შთაგონებული იყო DC კომიქსების სერიებიდან, როგორიცაა „სამართლიანობის ლიგა ინტერნეიშენალი“ ან თუნდაც „სამართლიანობის ლიგა ევროპა“, სადაც უოლი უესტის ფლეშის პიროვნული თვისებები ბარი ალენის ინკარნაციას შეერწყა, ხოლო ბოლო დროის მწვანე ფარანის, კაილ რეინერის კოსტუმი გაი გარდნერის სახელს. კიდევ უფრო უცნაური იყო აისისა და ატომის ერთად შეყვანა, როცა აისი ცნობილია გაი გარდნერისადმი უთავბოლო სიყვარულით. ზედმეტია იმის თქმა, რომ JLA-ს ამ ვერსიაში არაფერი იყო სწორი. რა თქმა უნდა, ლიგა მალე უფრო ეფექტურად იქნა ადაპტირებული. CBS-ის მიერ პროექტზე უარის თქმის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ, Cartoon Network-მა გუნდს ყოფილი დიდება დაუბრუნა „სამართლიანობის ლიგის“ ანიმაციური სერიალით, რასაც მოჰყვა „სამართლიანობის ლიგა შეუზღუდავი“. 2006 წლისთვის, გუნდის რამდენიმე წევრმა უკვე იპოვნა საკუთარი ადგილი სხვა მედიაში.