ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სოფია კოპოლას უახლესი დოკუმენტური ფილმის, „მარკი სოფიასგან“ (Marc by Sofia) ოფიციალური თრეილერი კინოკომპანია A24-მა გამოაქვეყნა. ეს კოპოლას წინა ნამუშევრის, „პრისცილას“ (Priscilla) შემდეგ გადაღებული ფილმია. დოკუმენტური ფილმის პრემიერა 2025 წლის ვენეციის კინოფესტივალზე შედგა (კონკურსგარეშე სექციაში), სადაც მან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, თუმცა სხვაგან არ უჩვენებიათ. მარტში ფილმი ასევე ნიუ-იორკის MoMA-ს დოკუმენტური კინოს ორკვირეულზე იქნება წარმოდგენილი. „მარკი სოფიასგან“ ცნობილი ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის ინტიმურ პორტრეტს წარმოადგენს, რომლის რეჟისორიც თავად მისი მეგობარი და სამ ათწლეულზე მეტი ხნის კოლაბორატორი სოფია კოპოლაა. რეჟისორის სურვილი იყო, „გადაეღო საკულტო ამერიკელი დიზაინერის გენიალურობა და მისი უნიკალური სამყარო“. ფილმის ოპერატორები არიან რომან კოპოლა, ჯენა როშერი და შეინ სიგლერი. მიმოხილვები ორმხრივია: ზოგიერთი კრიტიკოსი მას „გაცდენილ შესაძლებლობად“ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ „ფილმი იმდენად მცირე რამეს ავლენს, რომ უფრო პრიალა ყავის მაგიდის ფოტოალბომს ჰგავს, ვიდრე ფილმს“. თუმცა, თუ მოდა გაინტერესებთ, ნამდვილად ღირს ნახვა. სოფია კოპოლა აცხადებს: „მინდოდა გადამეღო ჩემი ოცდაათწლიანი მეგობრის, დიზაინერ მარკ ჯეიკობსის პორტრეტი და მეჩვენებინა მისი შემოქმედებითი პროცესი, მისი ინსპირაციისა და წყაროების დაკავშირება მომავალ თაობებთან.“ ფილმის რეჟისორია სოფია კოპოლა, რომელიც ცნობილია ისეთი ნამუშევრებით, როგორებიცაა: „ქალწული თვითმკვლელები“ (The Virgin Suicides), „თარგმანში დაკარგულები“ (Lost in Translation), „მარი ანტუანეტი“ (Marie Antoinette), „სადღაც“ (Somewhere), „ბლინგ რინგი“ (The Bling Ring), „მოტყუებულნი“ (The Beguiled), „კლდეებზე“ (On the Rocks) და „პრისცილა“ (Priscilla), ასევე მრავალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მუსიკალური ვიდეო. ფილმის პროდიუსერები არიან სოფია კოპოლა, ჯეინ ჩა კატლერი, რ.ჯ. კატლერი, ელის პერლშტეინი და ტრევორ სმიტი. კინოკომპანია A24 სოფია კოპოლას დოკუმენტურ ფილმს „მარკი სოფიასგან“ აშშ-ის შერჩეულ კინოთეატრებში 2026 წლის 20 მარტიდან გამოუშვებს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 27 მარტიდან გავრცელდება.