„ამერიკელი ფსიქოპათის“ რიმეიკი: ბრეტ ისტონ ელისი ადასტურებს სცენარის „სრულად განსხვავებულ“ ვერსიას
კინო
📅 26.02.2026
👁 156 ნახვა
რეჟისორ მერი ჰარონის საკულტო ფილმის „ამერიკელი ფსიქოპათის“ რიმეიკი მზადდება, რომლის სათავეშიც ლუკა გუადანინო ჩადგება. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლისთვის ისეთ მსახიობებს განიხილავდნენ, როგორებიც ოსტინ ბატლერი და ჯეიკობ ელორდი არიან, პროექტის განვითარება შეფერხდა. ბრეტ ისტონ ელისის განცხადებით, მსახიობების მიერ კრისტიან ბეილის როლზე უარის თქმის შემდეგ, სცენარი სრულიად გადამუშავდა და ორიგინალთან არანაირ მსგავსებას აღარ ატარებს, რაც ახალ ვერსიას უნიკალურს გახდის.
2025 წელს რეჟისორ მერი ჰარონის მიერ ბრეტ ისტონ ელისის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული „ამერიკელი ფსიქოპათის“ (American Psycho) გამოსვლიდან 25 წელი შესრულდა, რომელიც საკულტო კლასიკად იქცა. სანამ ფანები იუბილეს აღნიშნავდნენ, რეჟისორი ლუკა გუადანინო, ცნობილი ფილმებით „ჩელენჯერსი“ (Challengers), „დამიძახე შენი სახელით“ (Call Me By Your Name), „ძვლები და ყველაფერი“ (Bones and All), „ქვიარი“ (Queer) და „სუსპირიას“ (Suspiria) რიმეიკი, „ამერიკელი ფსიქოპათის“ რიმეიქის სათავეში ჩადგომისთვის ემზადება.
გუადანინო, გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის რეჟისორობაზე სკოტ ზ. ბერნსის („ინფექცია“/Contagion) სცენარის მიხედვით 2024 წლის ოქტომბერში დათანხმდა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში გაჟღერდა, რომ პატრიკ ბეიტმენის მთავარი როლისთვის, რომელიც ჰარონის ფილმში კრისტიან ბეილმა შეასრულა, ოსტინ ბატლერი („ელვისი“/Elvis) და ჯეიკობ ელორდი („სოლტბერნი“/Saltburn) განიხილებოდნენ. პატრიკ შვარცენეგერი („თეთრი ლოტუსი“/The White Lotus) ასევე „პროდიუსერების ყურადღების ცენტრში“ იყო... მაგრამ პროექტის შესახებ ახალი ინფორმაცია დიდი ხანია არ გავრცელებულა.
თავად ელისის თქმით, ეს შესაძლოა იმის გამოა, რომ არავის სურს კრისტიან ბეილის კვალზე გავლა, ამიტომ სცენარი გადამუშავდა, რათა კონცეფციის „სრულიად განსხვავებული ვერსია“ შექმნილიყო.
ჰარონის „ამერიკელი ფსიქოპათის“ მოკლე შინაარსი ასეთი იყო: „პატრიკ ბეიტმენი ახალგაზრდა, სიმპათიური, ჰარვარდში განათლებული, უოლ-სტრიტის წარმატებული ბიზნესმენია, რომელიც ერთი შეხედვით სრულყოფილია თავისი შესანიშნავი საცოლეთი და გავლენიანი მეგობრების გარემოცვით. მაგრამ მისი მეგობრების წრემ არ იცის მეორე პატრიკ ბეიტმენი, ის, ვისაც სტატუსსა და მატერიალურ ნივთებზე მეტი სურს. დეტექტივი მის კვალზეა, ცდუნება კი ყველგანაა, პატრიკ ბეიტმენი ვერ ებრძვის თავის საშინელ სურვილებს, რომლებიც მას ქალების დევნაში, სიხარბესა და უმძიმეს დანაშაულში – მკვლელობაში – უბიძგებს! ბრეტ ისტონ ელისის საკამათო წიგნზე დაფუძნებული „ამერიკელი ფსიქოპათი“ არის სექსუალური თრილერი, რომელიც წარმოაჩენს როგორც შემზარავ, ასევე გამაციებელ ხედვას“. ჰარონმა სცენარი გინევერ ტერნერთან ერთად დაწერა.
თავის პოდკასტში რიმეიკზე საუბრისას, ელისმა განაცხადა (მადლობა „ბლადი დისგასტინგს“ (Bloody Disgusting) ჩანაწერისთვის): „რამდენიმე მაღალი რანგის მსახიობმა, რომელთა დასახელებაც არ შემიძლია, უარი თქვა როლზე. ვფიქრობ, შესაძლოა იმიტომ, რომ არ სურთ კრისტიან ბეილის ადგილზე ყოფნა.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უარის შემდეგ სკოტ ზ. ბერნსმა სცენარის ახალი ვერსია წარადგინა. „რაც მე მითხრეს, ეს ფილმი სრულიად განსხვავდება მერი ჰარონის 2000 წლის ფილმისგან. ეს სრულიად განსხვავებული ვერსიაა და არანაირ მსგავსებას არ ატარებს იმ ფილმთან“. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ახლა მსახიობს უკეთესი შანსი მიეცეს, პატრიკ ბეიტმენის პერსონაჟში საკუთარი ხელწერა დატოვოს.
#ჰოლივუდი
#კრისტიან ბეილი
#ლუკა გუადანინო
#რიმეიკი
#ბრეტ ისტონ ელისი
#ამერიკელი ფსიქოპათი
#პატრიკ ბეიტმენი
#მერი ჰარონი
წყარო: www.joblo.com
გაზიარება