მაიკ ლაროკასა და მაიკლ შეფერის მიერ ორი წლის წინ დაარსებული საპროდიუსერო კომპანია „დეპარტამენტი M“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ოსკაროსანი სტუდია „ნეონის“ მნიშვნელოვანი წილის შესაძენად, რომელიც ცნობილია ფილმებით „პარაზიტი“ და „ანორა“. მოლაპარაკებებთან დაახლოებული ორი წყაროს ინფორმაციით, „დეპარტამენტ M“-ს ამ წამოწყებაში კერძო ინვესტორთა კონსორციუმი უჭერს მხარს. თავად „დეპარტამენტი M“ 2024 წელს დაარსებისთანავე კერძო ინვესტორების მიერ დაფინანსდა. „ნეონი“ 2022 წელს უკვე განიხილავდა გაყიდვის ვარიანტს, თუმცა Indian Paintbrush-ის საპროდიუსერო კომპანიის დამფუძნებელ ბიზნესმენთან, ინვესტორ სტივენ რეილსთან გარიგება ვერ შედგა. „ნეონის“ ბოლო ნამუშევრებს შორისაა იოახიმ ტრიერის „სენტიმენტალური ღირებულება“; ჯაფარ პანაჰის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი „ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო“; კლებერ მენდონსა ფილიოს „საიდუმლო აგენტი“; ოლივერ ლაქსის „სირატი“; პაკ ჩან-უკის „სხვა არჩევანი არ არის“ და უგო ბიენვენუს „არკო“. სტუდიამ ასევე მხარი დაუჭირა საშინელებათა ფილმს „გრძელფეხება“, რომელმაც 2025 წელს გამოსვლისას სალაროებში თითქმის 130 მილიონი დოლარი მოაგროვა და მასიური ჰიტად იქცა. როგორც „პარაზიტმა“, ისე „ანორამ“ მიიღო ოსკარი საუკეთესო სურათისთვის, რამაც ხელი შეუწყო „ნეონის“ სტატუსის განმტკიცებას, როგორც ინდი-კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის. კომპანია 2017 წელს ტომ ქუინმა დააარსა, რომელიც მანამდე Radius-ს ხელმძღვანელობდა და Magnolia-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო. „დეპარტამენტ M“-ის სამომავლო ფილმებს შორისაა „სისხლი თოვლზე“, იუ ნესბოს ნაწარმოების ადაპტაცია აარონ ტეილორ-ჯონსონისა და ბენედიქტ კამბერბეტჩის მონაწილეობით, რომლის რეჟისორი ემის ლაურეატი კერი ჯოჯი ფუკუნაგა იქნება, ასევე „ხელი, რომელიც აკვანს არყევს“ რიმეიკი სცენარისტი-რეჟისორის, მიშელ გარსა სერვერასგან. შეფერი ადრე New Regency-ის პრეზიდენტი იყო, ხოლო ლაროკამ AGBO ჯო და ენტონი რუსოებთან, ფილმის „შურისმაძიებლები: დასასრული“ შემქმნელ კინორეჟისორ ძმებთან ერთად დააარსა. „დეპარტამენტ M“-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. „ნეონის“ წარმომადგენელმა კომენტარის მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა.