2025 წელს გამოსულ დისნეის საკამათო ლაივ-ექშენ რიმეიქ „ფიფქიაზე“ გაღებული თანხისა და კომპანიის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. „ფიფქია“ არის 2025 წლის ლაივ-ექშენ ფილმი, რომელიც 1937 წელს გამოსული უოლტ დისნეის „ფიფქია და შვიდი ჯუჯის“ რიმეიქს წარმოადგენს. მარკ ვების რეჟისორობით გადაღებულ ფილმში ფიფქიას როლს რეიჩელ ზეგლერი, ბოროტი დედოფლის როლს კი გალ გადოტი ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ „ფიფქიამ“ მსოფლიო მასშტაბით 200 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაგროვა, მან ვერ დააკმაყოფილა პროგნოზირებული მოლოდინები. ფილმს არაერთი მიზეზის გამო მწვავე კრიტიკა და დაპირისპირება მოჰყვა — ზოგიერთმა ფილმის ბოიკოტირება მოახდინა გალ გადოტის შერჩევისა და მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, სხვები კი ზეგლერის კრიტიკული კომენტარებით იყვნენ უკმაყოფილო ორიგინალური ანიმაციური ფილმისა და მისი საკუთარი პოლიტიკური განცხადებების გამო. პიტერ დინკლეიჯმაც საჯაროდ გააკრიტიკა ფილმი ჯუჯობაზე არსებული სტერეოტიპების გაღვივებისთვის, რამაც დამატებითი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. Forbes-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ლაივ-ექშენ „ფიფქიას“ რიმეიქის ბიუჯეტი თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაზე მაღალი აღმოჩნდა. გამოცემა იუწყება, რომ ფილმის გადაღება დისნეის საბოლოოდ დაახლოებით 336.5 მილიონი დოლარი დაუჯდა, მაშინ როცა Deadline-ის წინა ცნობით, ეს თანხა 270 მილიონ დოლარს შეადგენდა. სტატიაში აღნიშნულია: „ფინანსური დოკუმენტაციის უახლესი მონაცემები ეხება 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს, რაც ფილმის გამოსვლამდე სამ თვეზე ნაკლები იყო, ამიტომ მან მისი ხარჯების თითქმის სრული სურათი უნდა მოგვცეს. „ფიფქიაზე“ დახარჯული 336.5 მილიონი დოლარი უფრო მეტია, ვიდრე დისნეის ისეთი ფილმების ღირებულება, როგორიცაა „Rogue One: ვარსკვლავური ომების ისტორიები“, Marvel-ის „გალაქტიკის მცველები“ და ლაივ-ექშენ ვერსია „მზეთუნახავი და ურჩხული“, რომელმაც 2017 წელს 1.3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.“ 2025 წლის ლაივ-ექშენ ფილმი „ფიფქია“ უკვე ხელმისაწვდომია Disney+ სტრიმინგ სერვისზე.