„ამისთვის იყო დაბადებული.“ ლილი კოლინზის ფანების მოთხოვნა საბოლოოდ გაითვალისწინეს, რადგან „ემილი პარიზში“-ის ვარსკვლავი ჰოლივუდის ლეგენდის ბიოგრაფიულ ფილმში მიიღეს, რომელსაც ის საოცრად ჰგავს. კოლინზი მალე პარიზის ქუჩებს ნიუ-იორკის მე-5 ავენიუზე გაცვლის, რადგან ის ემზადება ოდრი ჰეპბერნის როლის შესასრულებლად 1961 წლის კლასიკური ფილმის, „საუზმე ტიფანისთან“-ის შექმნის შესახებ გადაღებულ ფილმში. ფილმი, რომელიც ტრუმენ კაპოტეს 1958 წლის ამავე სახელწოდების ნოველის ადაპტაციაა, რეჟისორ ბლეიკ ედვარდსის ნამუშევარია და მასში ჰეპბერნი ნაივი სოციალიტის, ჰოლი გოლაითლის როლს ასრულებს. ეს როლი მას მოდის ხატად დაამკვიდრა და ჰოლივუდის წამყვანი მსახიობი ქალის არქეტიპი თავდაყირა დააყენა. მომავალი ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც „დიკინსონის“ შემქმნელმა, ალენა სმიტმა დაწერა, 1961 წლის ფილმის შექმნაზე იქნება ფოკუსირებული და სემ უოსონის წიგნს „მეხუთე ავენიუ, დილის 5 საათი: ოდრი ჰეპბერნი, საუზმე ტიფანისთან და თანამედროვე ქალის გარიჟრაჟი“ დაეფუძნება. აღნიშნული წიგნი ფილმის კულისებს მიღმა ყველაზე სრულ ისტორიად ითვლება (Deadline-ის მიხედვით). კოლინზმა, რომელიც ასევე პროდიუსერია საკუთარი კომპანიის, Case Study Films-ის, სახელით, ინსტაგრამზე გაავრცელა სიახლე და განაცხადა, რომ ის „პატივცემული და აღფრთოვანებულია“ ჰეპბერნის განსახიერებით პროექტში, რომელზეც თითქმის ათწლეულის განმავლობაში მუშაობდნენ. „თითქმის 10-წლიანი განვითარების და ოდრის მიმართ მთელი ცხოვრების განმავლობაში აღტაცებისა და აღმერთების შემდეგ, საბოლოოდ შემიძლია ამის გაზიარება. პატივი და აღფრთოვანება არ არის საკმარისი იმის გამოსახატავად, რასაც ვგრძნობ…“ – დაწერა მსახიობმა. ამ ამბავს ენთუზიაზმით შეხვდნენ კოლინზის ფანები და სხვა ცნობილი სახეებიც, ერთ-ერთმა მათგანმა მას „წლის კასტინგი“ უწოდა. „პატარა საყვარელი მატყუარების“ ვარსკვლავმა ლუსი ჰეილმა აღნიშნა, რომ კოლინზი „ამისთვის იყო დაბადებული“, ხოლო ისლა ფიშერმა დაწერა: „ეს არის ის, რისთვისაც დაიბადე! მოუთმენლად ველოდები.“ კოლინზის „ემილი პარიზში“-ის კოლეგამ და საუკეთესო მეგობარმა ეშლი პარკმაც დააკომენტარა: „კიიიიიიი ოფიციალურად!!!“. თავის ინსტაგრამის სთორებში კოლინზმა ასევე გააზიარა „ემილი პარიზში“-ის რამდენიმე იერი, რომელიც ჰეპბერნს პატივს მიაგებს. ეს მოიცავს Netflix-ის შოუს პირველი სეზონის მე-6 ეპიზოდიდან „მხიარული სახის“ შთაგონებულ კიბის სცენას, ასევე მინიშნებას ჰეპბერნის ელეგანტურ სათხილამურო იერზე 1963 წლის ფილმიდან „შარადა“, რომელიც მე-4 სეზონის ეპიზოდში „ბოლო შობა“ იყო ნახსენები. „ემილი პარიზში“ Netflix-ზეა ხელმისაწვდომი.