თავისი მომავალი მინისერიალის „კერი“ შემდეგ, მაიკ ფლენაგანი („ჯერალდის თამაში“, „ექიმი ძილი“, „ჩაკის ცხოვრება“) „Warner Bros.“-ისთვის სტეფენ კინგის მორიგ ისტორიას შეეჭიდება, თუმცა ეს ნაწარმოები უკვე იქნა ადაპტირებული დიდ ეკრანზე და ფანების უმრავლესობა შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩა. ფრენკ დარაბონტის 2007 წლის ფილმი „ნისლი“ ფართოდ განიხილება, როგორც კინგის შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ადაპტაცია, მიუხედავად დეპრესიული დასასრულისა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება წიგნის დასკვნისგან. ბევრ საშინელებათა ჟანრის მოყვარულს უკვირს, რატომ არის საჭირო ამ ისტორიის კიდევ ერთი ვერსია და ფლენაგნმა ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ისაუბრა. „მე მიყვარს დარაბონტის ფილმი და მისი რიმეიქის გადაღებას აზრი არ აქვს,“ – უპასუხა ფლენაგანმა BlueSky-ზე ფანს. „ამიტომაც მივდივარ სრულიად განსხვავებული მიმართულებით.“ „დიდი ხნის წინ ვისწავლე, არასდროს ვეცადო იმის პროგნოზირებას, რაზე იკამათებენ ფანები და რაზე არა (ყველა უნდა დამშვიდდეს, გულწრფელად რომ ვთქვათ; ახლახან ვნახე მთელი ჯაჭვი, როგორ აფრქვევდნენ ნერწყვს ადამიანები „განდევნისთვის“ ფანების მიერ შექმნილი AI პლაკატების გამო)… მაგრამ დიახ, ეს არ არის ხელახალი გამეორება. განსხვავებები პირველივე გვერდიდან იწყება,“ – დასძინა მან. სიუჟეტი მეინის პატარა ქალაქზეა ორიენტირებული, რომელიც იდუმალებით მოცულ სქელ ნისლშია გახვეული, საიდანაც უცნაური არსებები გამოდიან ქალაქის მცხოვრებლების თავდასასხმელად. გადარჩენილთა ჯგუფი ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში იმალება, მაგრამ – როგორც ეს კინგის ნაწარმოებების უმეტესობაში ხდება – გადარჩენისთვის ბრძოლა ზოგში საუკეთესო თვისებებს ავლენს, ზოგში კი – ყველაზე უარესს. 2007 წლის ფილმის გარდა, რომელშიც თომას ჯეინი და მარსია გეი ჰარდენი მონაწილეობდნენ, 2017 წელს Spike-ზე ქრისტიან ტორპეს მიერ შექმნილი 10-ეპიზოდიანი შეზღუდული სერიალიც გამოვიდა, თუმცა მას კარგი გამოხმაურება არ მოჰყოლია. „„ნისლი“ შესანიშნავი იქნება. თუ „რატომ“ კითხვაზე შესანიშნავი პასუხი არ მექნებოდა, არ გავაკეთებდი,“ – წერდა ფლენაგანი პროექტის გამოცხადებისას. „და სხვათა შორის, იგივე „მაგრამ რატომ“ კომენტარები მივიღე „ჰილ ჰაუსის შეპყრობილობის“, „ბლაი მანორის“, „აშერების სახლის დაცემის“, „კერის“, „განდევნის“ და თუნდაც „უიჯას: ბოროტების წარმოშობის“ შესახებ. ასევე მივიღე „ჩაკის ცხოვრებისთვისაც“,“ – დასძინა ფლენაგნმა BlueSky-ზე. „აქამდე გამიმართლა კარიერაში, რომ მხოლოდ ისეთ პროექტებს ვიღებ, რომლებიც მართლა მაღელვებს.“ მეინის ერთ-ერთ ქალაქს ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს, მეორე დილით კი მოახლოებული ნისლის ღრუბელი ჩნდება. როდესაც ნისლი სწრაფად ფარავს ტერიტორიას, ადამიანების ჯგუფი, მათ შორის მხატვარი დევიდ დრეიტონი და მისი ხუთი წლის ვაჟი, ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში აღმოჩნდებიან ხაფანგში. მალე ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ნისლში საშინელი, არაამქვეყნიური არსებების მრავალი სახეობა ბინადრობს, რომლებიც სხვა განზომილებიდან შემოვიდნენ, შესაძლოა, ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე მიმდინარე პროექტის შედეგად. სანამ მათ გარშემო სამყარო ფაქტობრივ ჯოჯოხეთად იქცევა, შეშინებული მოქალაქეები სასოწარკვეთილად ცდილობენ ამ აპოკალიფსურ კატასტროფას გადაურჩნენ.