TheWrap-ის ცნობით, სცენარისტ მაქს ლენდისს Paramount Pictures-მა Hasbro-ს ფრენჩაიზზე დაფუძნებული „ჯი-აი ჯოუ“-ს ახალი ნაწილის ადრეული ვერსიის დაწერა დაავალა. ის ამ პროექტზე ცალკეული სცენარით მომუშავე დენი მაკბრაიდთან ერთად იმუშავებს. ლენდისი ამ სამუშაოს #MeToo სკანდალში მისი მონაწილეობიდან 7 წლის შემდეგ იღებს. დენი მაკბრაიდი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სცენარის ადრეული ვერსიის დასაწერად. ეს იქნება სრულიად ახალი გაგრძელება, რომელიც, რა თქმა უნდა, G.I. Joe-ს სათამაშოების ხაზს დაეფუძნება. „ჯი-აი ჯოუ“-ს ფრენჩაიზი Paramount-ის აღმასრულებელ დირექტორ დევიდ ელისონისთვის მაღალი პრიორიტეტია, რომელსაც პროექტის გამოშვება კომპანიის ვიდეოთამაშის ადაპტაცია „Call of Duty“-მდე სურს. „Call of Duty“-ის სცენარზე ტეილორ შერიდანი მუშაობს. Paramount-ის პირველი ლაივ-ექშენ მცდელობა „ჯი-აი ჯოუ“-სთან დაკავშირებით იყო 2009 წლის „ჯი-აი ჯოუ: კობრას აღზევება“, სტივენ სომერსის რეჟისორობით. მან 175 მილიონი დოლარის ბიუჯეტით 302 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა ეს მოხდა Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს აღზევების ფონზე და Paramount-ს უფრო მაღალი შემოსავალი სურდა. შემდეგ, 2013 წელს გამოვიდა ჯონ მ. ჩუს მიერ გადაღებული „ჯი-აი ჯოუ: შურისძიება“, რომელშიც დუეინ ჯონსონი მონაწილეობდა და ფრენჩაიზის „რბილი“ გადატვირთვა სცადა. მან 376 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა შემდგომი ნაწილები შეფერხდა 2021 წლის „სნეიქ აისის“ (Snake Eyes) წარმოშობის ფილმამდე, რომელმაც პანდემიის შუაგულში მხოლოდ 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ჩავარდა. „ჯი-აი ჯოუ“-ს ინტელექტუალური საკუთრება ბოლო წლებში აღორძინებას განიცდის გამომცემლობა Skybound-ის წყალობით, რომელმაც კომიქსების სერიებს ახალი სიცოცხლე შესძინა. ამ სერიებს „მოსიარულე მკვდრების“ შემქმნელი რობერტ კირკმანი ხელმძღვანელობდა. 2019 წელს გამოქვეყნებულ Daily Beast-ის სტატიაში, ლენდისი, რომელიც რეჟისორ ჯონ ლენდისის ვაჟია, რამდენიმე ქალმა სექსუალურ შეურაცხყოფაში, ძალადობასა და გადასაღებ მოედანზე შევიწროებაში დაადანაშაულა. ქალმა, რომელიც ჯულის სახელით იდენტიფიცირდა, Daily Beast-ს განუცხადა, რომ ლენდისი მას ორწლიანი პირადი ურთიერთობის განმავლობაში არაერთხელ აუპატიურებდა. გარდა ამისა, ლენდისის სამმა ყოფილმა შეყვარებულმა — ანი ბეიკერმა, დანი მენინგმა და ქალმა, რომელიც ფსევდონიმით კერი იყო იდენტიფიცირებული — განაცხადეს, რომ ლენდისი მათ ფიზიკურად და ემოციურად ავიწროებდა, მათ შორის ახრჩობდა კიდეც. ქალმა, რომელიც ვერონიკას სახელით იდენტიფიცირდა, თქვა, რომ ლენდისი დისნეილენდში ღამისთევით მოგზაურობის დროს მას არაერთხელ შეეხო არასასურველი სექსუალური ფორმით. კიდევ ერთმა ქალმა განაცხადა, რომ ის შეესწრო, თუ როგორ აუპატიურებდა ლენდისი მის დეზორიენტირებულ მეგობარს. ახალი ამბის შესახებ თავდაპირველად The Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია. გაგრძელება იქნება...