„მონარქის“ სამყაროში ახალი მონსტრი შემოდის, რომელიც მაყურებელში დიდ განხილვას გამოიწვევს. „მონარქი: მონსტრების მემკვიდრეობის“ მეორე სეზონი ფოკუსს პერსონაჟებიდან მონსტრებზე გადაიტანს, რაც მაყურებელს საშუალებას მისცემს, ახალ, მნიშვნელოვან ფიგურებს უგულშემატკივროს – ან იქნებ გააპროტესტოს. შოუს წითელ ხალიჩაზე ScreenRant-ის ჟურნალისტთან, ბრენდონ ზაქარისთან ინტერვიუში, ჯო ტიპეტმა, რომელიც საიდუმლო ორგანიზაცია „მონარქის“ ერთგული თანამშრომლის, ტიმის როლს ასრულებს, ახალი მონსტრის შემოყვანას „რისკიანი ნაბიჯი“ უწოდა. „ახალ მონსტრს წარმოგიდგენთ. მსგავსი რამ ყოველთვის რისკია. ხალხს ან ძალიან მოეწონება, ან გაგვლანძღავს. მაგრამ მგონია, რომ ამ მონსტრს ყველა შეიყვარებს და მოუთმენლად ველოდები, როდის ნახავს მას ყველა. შემდეგ კი შეიძლება ვიკამათოთ: „კონგია? გოძილაა? თუ ახალი მეფე ან დედოფალი [ტიტანი] გვყავს?“ – განაცხადა ჯო ტიპეტმა. Apple TV+-ის სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტი, ჯობი ჰაროლდი, ასევე გაუზიარა თავისი აღფრთოვანება „ტიტან X“-ის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა შეუძლია მას, შესაძლებლობები უსაზღვროა, ისევე როგორც მღელვარება, რომელიც ახალი მონსტრის სამყაროში შემოყვანას თან ახლავს. „ვფიქრობ, [ყველაზე მეტად რასაც ველით, რომ ფანებმა ნახონ] არის ტიტან X. დაფაზე გვყავს დიდი, საშიში ახალი ტიტანი, რომელიც აქამდე არასდროს შეგვხვედრია. არ ვიცით მისი წესები, არ ვიცით მისი ენა, არ ვიცით, რა შეუძლია, არ ვიცით, რამდენად ძლიერია, არ ვიცით, რა საიდუმლოებებს ინახავს. ყოველ ჯერზე, როცა ამ სამყაროში, ამ მონსტრავერსში, ტიტანის შემოყვანა გიწევს, ეს არ არის პატარა ამბავი, ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად მაყურებლის „ტიტან X“-თან შეხვედრას ველოდები“, – თქვა ჯობი ჰაროლდმა. მიუხედავად იმისა, რომ მონსტრავერსში მომავალი მოვლენების დიდი ნაწილი – ჯერჯერობით – გასაიდუმლოებულია, პროდიუსერმა ტორი ტანელმა ScreenRant-ს განუცხადა, რომ ყოველ ეპიზოდში „სიურპრიზები“ იქნება ჩაშენებული. „იმდენი საიდუმლოებაა, იმდენი გამჟღავნებაა, და ჩვენ ეს ძალიან განზრახ ავაშენეთ ისე, რომ ყველა ეპიზოდში იყოს რაღაც, რაც, იმედია, ნამდვილად გააკვირვებს მაყურებელს, დააინტერესებს და მეტის სურვილს გაუჩენს“, – აღნიშნა ტორი ტანელმა. „მონარქის“ პირველი სეზონი დასრულდა იმით, რომ ქეითი (ანა სავაი), მეი (კირსი კლემონსი) და კეიკო (მარი იამამოტო) გაექცნენ დროში დამახინჯებულ ჯიბეს ღრუ დედამიწაში, ხოლო ლიმ (კურტ რასელი აწმყოში, უაიატ რასელი წარსულში) თავი გაწირა. როდესაც ისინი საბოლოოდ ზედაპირზე დაბრუნდნენ, აღმოაჩინეს, რომ გარე სამყაროში ორი წელი იყო გასული – მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარეს. მათი ხელახალი გამოჩენა მათ თავის ქალას კუნძულზე მიიყვანა, სადაც Apex Cybernetics, როგორც ჩანს, კვლევით ოპერაციებს ატარებს. ეს მოვლენა აშკარად მიანიშნებს, რომ კონგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სერიალში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ტიტან X“ მისი კუნძულისკენ დაიწყებს მოძრაობას. კონგი ასევე შეიძლება იყოს ის დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც ნარატივს უფრო მეტად ტიტანებზე ორიენტირებული სიუჟეტისკენ გადაიტანს. და მიუხედავად იმისა, რომ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ იმოქმედებს „ტიტან X“ მეორე სეზონზე, თუ პირველი სეზონი პერსონაჟებზე იყო ორიენტირებული, ცხადია, რომ მეორე სეზონი მთლიანად მონსტრებზე იქნება, რასაც ანა სავაი „განსაკუთრებულს“ უწოდებს. „რაც ამ სეზონს განსაკუთრებულს ხდის, არის ის, რომ ჩვენ შევძლებთ მონსტრების ისტორიის გაგებას და სწორედ აქ შეძლებენ ადამიანები ჩაერთონ. მონსტრებს აქვთ საკუთარი ისტორია, და როდესაც ამას გავიგებთ, ეს იქნება: „ოჰ, ვაუ, კარგი, მე მათ ვგულშემატკივრობ“, – განაცხადა ანა სავაიმ. „მონარქი: მონსტრების მემკვიდრეობა“ ამჟამად ხელმისაწვდომია Apple TV+-ზე, ახალი ეპიზოდები ყოველ პარასკევს გამოდის.