ნეტფლიქსი სტოპ-მოუშენ ანიმაციის სამყაროში ბრუნდება ახალი პროექტით – ესპანურენოვანი მხატვრული ფილმით „მე ვარ ფრანკელდა“ (Soy Frankelda), რომელიც მექსიკიდან მოდის. ფილმი სიზმრებზე, კოშმარებსა და საკუთარი ხმის დაბრუნებაზე მოგვითხრობს. სტუდია გეგმავს ფილმის გლობალურ გამოშვებას 2026 წელს, რეჟისორები არიან არტურო და როი ამბრიზები. The Hollywood Reporter-ის ცნობით, გილერმო დელ ტორო ამბრიზ ძმებს მექსიკის ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი სტოპ-მოუშენის შექმნაში ურჩევდა. „ფრანკელდა მექსიკური სტოპ-მოუშენ ანიმაციის ღირსშესანიშნაობაა და ხედვის, შეუპოვრობისა და ხელობის სიყვარულის ნამდვილი ტრიუმფია“, – განაცხადა დელ ტორომ. პროექტი Ambriz ძმების მექსიკურ სტუდია Cinema Fantasma-ს ეკუთვნის. ფილმის აღწერის მიხედვით, „მე ვარ ფრანკელდა“ XIX საუკუნის მექსიკაში ვითარდება და ცენტრში ნიჭიერი მწერალი ფრანკელდაა, რომლის ბნელ ზღაპრებსაც უგულებელყოფენ. „იგი იძულებულია საკუთარი ხმა ჩაახშოს, მაგრამ არ ნებდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს მის გაჩუმებას. თუმცა, როდესაც იგი საკუთარ ქვეცნობიერში აღმოჩნდება, მის მიერ შექმნილი მონსტრები ცოცხლდებიან. ჰერნევალის, ტანჯული პრინცის, ხელმძღვანელობით, რომელიც სიზმრებსა და კოშმარებს შორის არის გამომწყვდეული, მან უნდა აღადგინოს ბალანსი ფიქციასა და რეალობას შორის, სანამ ორივე სამყარო დაინგრევა. ამასობაში, ბოროტი მწერალი პროკუსტესი და მისი შეთქმულები კონტროლის ხელში ჩაგდებას გეგმავენ. რაც უფრო უახლოვდებიან ფრანკელდა და ჰერნევალი ერთმანეთს, მათი კავშირი ძალად და წყევლად იქცევა. საკუთარი ბედის გადასაწერად, მას უნდა დაუპირისპირდეს სიყვარულს, რომელიც არსებობას ეწინააღმდეგება, და დაიბრუნოს თავისი ძალა, როგორც მეზღაპრემ – სანამ ბნელი ძალები მის წარმოსახვას არ შთანთქავენ და საშინელებებს გამოავლენენ მისი შექმნის მიღმა“, – ნათქვამია ფილმის პროდიუსერების მოკლე აღწერაში. გახმოვანებაში მონაწილეობენ მირეია მენდოზა, არტურო მერკადო უმცროსი და ლუის ლეონარდო სუარესი. ფილმის ესთეტიკა დიდ მოწონებას იმსახურებს. კოსტიუმები მდიდრულია, ხოლო პერსონაჟების დიზაინი დონ ბლუთის ეპოქის (The Secret of NIMH-ის მსგავსი) ნამუშევრებს მოგვაგონებს, დელ ტოროს „Crimson Peak“-ის ელემენტებით. „მე ვარ ფრანკელდა“-ს სიუჟეტი შთამაგონებელი და ეპიკური ჟღერს. სტოპ-მოუშენი ანიმაციის ერთ-ერთი საყვარელი ტიპია და სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი ასეთი პროექტი გამოვა.