პატრიკ დემპსი სერიალიდან „გრეის ანატომია“ წასვლას, ხანგრძლივი სამედიცინო დრამის დატოვებიდან ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ იხსენებს. მსახიობმა ხელახლა გადახედა გარემოებებს, რამაც სერიალიდან წასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა. მან ასევე გააზიარა, თუ რამ იქონია გავლენა მის კარიერაში ამ გარდამტეხ მომენტზე. პატრიკ დემპსიმ ჯონათან როსის შოუში სტუმრობისას განაცხადა, თუ რატომ დატოვა „გრეის ანატომია“. დემპსიმ სერიალი 2015 წელს დატოვა, სადაც დოქტორ დერეკ შეფერდის, იგივე მაკდრიმის როლს, 2005 წლიდან, სერიალის დაწყებიდან, ასრულებდა. მან შოუ სიეტლის Grey Sloan Memorial Hospital-ში გადაღებული ამერიკული სამედიცინო დრამის მე-11 სეზონში დატოვა. თავის წასვლაზე საუბრისას მან თქვა: „დრო იყო წამოვსულიყავი. მომეცა შესაძლებლობა, სრულყოფილი სეზონი გამეტარებინა WEC-ში, რომელიც (FIA) გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატია. ეს ჩემი გატაცება იყო“ (Independent-ის ცნობით). სერიალიდან წასვლის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატში და იაპონიაში ექვსსაათიანი რბოლა მოიგო. სერიალის გავლენაზე საუბრისას დემპსიმ განაცხადა: „ჩემთვის „გრეის ანატომია“ კურთხევა იყო. მან შესანიშნავი პლატფორმა მომცა. ვფიქრობ, საუკეთესო, რაც ამან გამოიღო, ის არის, რომ ბევრი ახალგაზრდა სწორედ ამის გამო ჩაება სამედიცინო პროფესიაში – ვფიქრობ, ეს შესანიშნავი რამაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ სერიალს შვილებისგან შორს ინახავდა და ამბობდა: „არასოდეს ვაჩვენებდი მათ სერიალს („გრეის ანატომია“). მაქსიმალურად შორს ვამყოფებდი მათ მისგან“. დემპსიმ განაცხადა, რომ გადაცემის ცნობადობა მის საქველმოქმედო საქმიანობას უჭერდა მხარს, მათ შორის კიბოს სამკურნალო ცენტრის გახსნას ლევისტონში, მეინში. მისი ვებგვერდის მიხედვით, „დემპსის ცენტრი“ გთავაზობთ უფასო ჰოლისტურ მკურნალობას, მათ შორის კვების მოვლას, კონსულტაციას, ფიტნეს გაკვეთილებსა და ინტეგრირებულ თერაპიებს. მან თქვა: „ის დედაჩემის კიბოსთან ბრძოლით იყო შთაგონებული – მას 12-ზე მეტი რეციდივი ჰქონდა საკვერცხის კიბოზე. ჩვენ არ ვმკურნალობთ დაავადებას, ჩვენ ვმკურნალობთ ადამიანს ჰოლისტურად და ამაში „გრეის ანატომიის“ პოპულარობა დამეხმარა. ოპერაციისა და მკურნალობის შემდეგ შესაძლოა, განკურნებული იყოთ, მაგრამ არა გამოჯანმრთელებული და სწორედ აქ შემოვდივართ ჩვენ საქმეში“.