სერიალ „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები“ მესამე სეზონს სამი ახალი მსახიობი შეემატა. რიკ რიორდანისა და ჯონათან ი. სტეინბერგის მიერ შექმნილი „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები“ Disney+-ზე 2023 წელს გამოვიდა. რიორდანის ამავე სახელწოდების წიგნების სერიაზე დაფუძნებულ სერიალში მთავარ როლს უოკერ სკობელი ასრულებს, ანაბეტ ჩეიზს ლია სავა ჯეფრისი, ხოლო გროვერ ანდერვუდს არიან სიმჰადრი. „პერსი ჯექსონის“ მეორე სეზონის პრემიერა 2025 წლის დეკემბერში შედგა, ხოლო მესამე სეზონი უკვე მზადდება. შოუს ეს მომდევნო ნაწილი სერიის მესამე წიგნის, „ტიტანის წყევლის“ ადაპტაციას მოახდენს. როგორც Variety იუწყება, გამოცხადდა, რომ მინგ-ნა ვენი, ჯენიფერ ბილსი და ჰიუბერტ სმიელეკი მონაწილეობას მიიღებენ „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები“ მესამე სეზონში. ვენი – ცნობილია დისნეის „მულანში“ გახმოვანებით, ასევე ფენეკ შენდის როლით „მანდალორელსა“ და „ბობა ფეტის წიგნში“ – ჰერას როლზე დამტკიცდა, რომელიც აღწერილია, როგორც „ოლიმპოს დედოფალი და ზევსის მეუღლე. ის ქორწინებისა და ოჯახის ქალღმერთია, ამიტომ ზევსის (კორტნი ბ. ვენსი) ღალატი მას აღიზიანებს. სამეფო წარმომავლობის, დედობრივი და უკომპრომისო ჰერა ზევსის გარდა ერთადერთი ღვთაებაა, რომლის შვილებიც ასევე ოლიმპიელთა საბჭოს წევრები არიან, რაც მას ბერკეტს აძლევს ოჯახურ პოლიტიკაში.“ ბილსი, რომელიც ასევე გამოჩნდა „ბობა ფეტის წიგნში“, დემეტრეს განასახიერებს – „სოფლის მეურნეობის, მოსავლისა და სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლის ქალღმერთი. ზევსის პატივსაცემი და, დემეტრეს კარგად ახსოვს ტიტანების წინააღმდეგ ომი და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი მამის, კრონოსის (ნიკ ბორეინი) დაბრუნება აღკვეთოს.“ დაბოლოს, ახალბედა სმიელეკი განასახიერებს აპოლონს – „მზის, მუსიკის, პოეზიის, მშვილდოსნობისა და წინასწარმეტყველების კაშკაშა და ქარიზმატულ ღმერთს. ოლიმპოს ნამდვილ ოქროს ბიჭს და მის ტყუპ დას, ქალღმერთ არტემიდას – მთვარეს მისი მზისთვის.“ „პერსი ჯექსონის“ მესამე სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ბრენდონ შრერმა SuperHeroHype-ზე გამოაქვეყნა.