როგორც ცნობილი გახდა, „Sony Pictures Television“-მა და „Amazon MGM Studios“-მა ოფიციალურად გამოაცხადეს Prime Video-ს მომავალი სერიალის, „God of War“-ის, გადაღებების დაწყება. ამ ამბავთან ერთად გავრცელდა მსახიობების, რაიან ჰერსტისა და ქალუმ ვინსონის, პირველი გამოსახულება კრატოსისა და ატრეუსის როლებში. ისინი განასახიერებენ საკულტო პერსონაჟებს „PlayStation“-ის უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობულ, ძველ მითოლოგიაზე დაფუძნებული ვიდეო თამაშის, „God of War“-ის, ლაივ-ექშენ ადაპტაციაში. ასევე დღეს დადასტურდა, რომ ემის ჯილდოს მფლობელი რეჟისორი ფრედერიკ ე.ო. ტოი („Shōgun“, „The Boys“, „Fallout“) სერიალის პირველ ორ ეპიზოდს გადაიღებს. პირველი შეხედვით, სერიალი ვიზუალურად ძალიან ერთგულია ორიგინალი თამაშის. ზოგიერთის აზრით, მსგავსი გამოსახულების ხილვისას რთულია „კოსფლეის“ ასოციაცია არ გაგიჩნდეს, თუმცა ფანები ყოველთვის ერთგულ ადაპტაციას ითხოვენ და სწორედ ამას გვთავაზობს „God of War“. ჰერსტი უფრო გამხდარი ჩანს ვიდრე ვიდეო თამაშის კრატოსი, და სოციალურ ქსელებში ზოგიერთი ფანი უკვე გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ პირველი გამოსახულებისთვის არჩეული იქნა ფოტო, სადაც პერსონაჟი მოხრილია. იმედია, ამ მცირეეკრანიანი ადაპტაციის შემდგომი მუშაობის პროცესში უფრო ეპიკურ გამოსახულებებსაც ვიხილავთ. სერიალი, რომლისთვისაც უკვე ორი სეზონია შეკვეთილი, მოგვითხრობს მამა-შვილის, კრატოსისა და ატრეუსის, მოგზაურობაზე, რომლებიც ცოლისა და დედის, ფეის, ფერფლის გასაფანტად მიემგზავრებიან. თავიანთი თავგადასავლების განმავლობაში, კრატოსი ცდილობს შვილს უკეთესი ღმერთობა ასწავლოს, ხოლო ატრეუსი - მამას უკეთესი ადამიანობა. როლებს ასრულებენ: რაიან ჰერსტი (კრატოსი), ქალუმ ვინსონი (ატრეუსი), ედ სქრეინი (ბალდური), მაქს პარკერი (ჰეიმდალი), ოლაფურ დარი ოლაფსონი (თორი), მენდი პატინკინი (ოდინი), ალასტერ დანკანი (მიმირი), ჯეფ გულკა (სინდრი), დენი ვუდბერნი (ბროკი) და ტერეზა პალმერი (სიფი). „God of War“-ის თანაპროდიუსერები არიან „Sony Pictures Television“ და „Amazon MGM Studios“ „PlayStation Productions“-თან და „Tall Ship Productions“-თან თანამშრომლობით. რონალდ დ. მური სერიალის შოურანერი, აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტია. დამატებითი აღმასრულებელი პროდიუსერები არიან: მარილ დევისი, კორი ბარლოგი, ნარენ შანკარი, მეთიუ გრეჰემი, ასად ქიზილბაში, ჯეფ ქეჩემი, ჰერმენ ჰულსტი, როი ლი და ბრედ ვან არაგონი. ჯო მენოსკი, მარკ ბერნარდინი, ტანია ლოტია და ბენ მაკგინისი სერიალის თანა-აღმასრულებელი პროდიუსერები არიან. სერიალის „God of War“-ის პრემიერა Prime Video-ზე 2027 წელსაა მოსალოდნელი. „მამა და შვილი. იხილეთ კრატოსისა და ატრეუსის პირველი გამოსახულება „God of War“-ის სერიალიდან, რომლის გადაღებები ახლა მიმდინარეობს. მათი მოგზაურობა უმაღლესი მწვერვალისკენ იწყება.“