უკვე კარგა ხანია ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა „სამეფო კარის თამაშების“ სასცენო სპექტაკლის შემუშავება. ახლა კი The Hollywood Reporter-მა მისი დეტალები გაავრცელა. სპექტაკლი, სახელწოდებით „სამეფო კარის თამაშები: შეშლილი მეფე“, ორიგინალური HBO სერიალის მოვლენებამდე დაახლოებით 10 წლით ადრე ვითარდება. მისი მოქმედება ჰარენჰალის ტურნირზე მიმდინარეობს, სადაც ვესტეროსის დიდი სახლების წევრები გრძელი ზამთრის დასრულების აღსანიშნავად იკრიბებიან. სპექტაკლის პრემიერა ამ ზაფხულს სტრატფორდ-ონ-ეივონში, უილიამ შექსპირის მშობლიურ ქალაქში მდებარე სამეფო შექსპირის თეატრში გაიმართება. „სამეფო კარის თამაშები: შეშლილი მეფე“ დანკან მაკმილანის მიერ დაიწერა, ხოლო მისი რეჟისორი დომინიკ კუკია. ჯორჯ რ.რ. მარტინი, რომლის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ წიგნებზეც „სამეფო კარის თამაშებია“ დაფუძნებული, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. „ჩემთვის RSC (სამეფო შექსპირის კომპანია) აშკარა არჩევანი იყო, როდესაც „სამეფო კარის თამაშების“ ისტორიის სცენაზე დადგმაზე ვფიქრობდი“, – განაცხადა მარტინმა. „შექსპირი ინგლისური ლიტერატურის უდიდესი სახელია და მისი პიესები ჩემთვის და ჩემი შემოქმედებისთვის შთაგონების მუდმივი წყაროა. ამასთან, მას მსგავსი გამოწვევები ჰქონდა ბრძოლის სცენაზე გადმოტანისას, ამიტომ კარგ გარემოცვაში ვართ. ამაღელვებელი იქნება იმის ყურება, თუ როგორ განვითარდება ამ ახალი სპექტაკლის მოვლენები ცოცხალ გარემოში. დანკანის ოსტატური სცენარი სრულყოფილად პატივს სცემს სამყაროს და ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ როგორც სერიალის ფანებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა არასდროს აუღიათ ჩემი რომელიმე წიგნი ხელში, საშუალება ექნებათ ეს ახალი ამბავი თეატრში განიცადონ.“ „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ლეგენდის მიხედვით, ჰარენჰალის ტურნირი არის მოვლენა, რომელმაც რობერტის აჯანყებას დაუდო დასაბამი – ომს, რომელმაც „სამეფო კარის თამაშების“ მოვლენებისთვის შექმნა ნიადაგი. ამ დროისთვის აერის „შეშლილი მეფე“ ტარგარიენი უკვე ცნობილია, როგორც არასტაბილური მმართველი და ვრცელდება ხმები, რომ გამოჩენილმა დიდგვაროვნებმა ტურნირი გამოიყენეს იმის განსახილველად, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო მისი მემკვიდრეობის შესახებ. მოულოდნელად, მეფე აერისი თავად გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში არ ტოვებდა წითელ ციხესიმაგრეს (Red Keep). დრამის ნაწილია „სამეფო კარის თამაშებიდან“ ჩვენთვის ნაცნობი რამდენიმე პერსონაჟის ახალგაზრდა ვერსიები, მათ შორის რობერტ ბარათეონი, ჯეიმი ლანისტერი და ნედ სტარკი. სწორედ აქ ასახელებს მეფის ვაჟი რეიგარ ტარგარიენი ახალგაზრდა ლიანა სტარკს, რომელიც მაშინ რობერტ ბარათეონზე იყო დანიშნული, სიყვარულისა და სილამაზის დედოფლად. ამან კიდევ უფრო გააღრმავა დაპირისპირება ფრაქციებს შორის და საბოლოოდ გადაიზარდა ომში, რომელიც რობერტ ბარათეონის რკინის ტახტზე ასვლითა და დარჩენილი ტარგარიენების შვიდი სამეფოდან განდევნით დასრულდება, რაც სატელევიზიო შოუს დასაწყისში არსებული ვითარებაა. მოკლედ, როგორც ჩანს, სპექტაკლში არის ყველა ის ინტრიგა, მოქმედება და რომანტიკა, რასაც „სამეფო კარის თამაშების“ ფანი ისურვებდა. „ისტორიას ექნება ყველა ის ეპიკური თვისება, რასაც მაყურებელი „სამეფო კარის თამაშებისგან“ ელის, მაგრამ საბოლოო ჯამში, მას ძალიან ადამიანური გული აქვს“, – განაცხადეს RSC-ის კო-მხატვრულმა დირექტორებმა დენიელ ევანსმა და თამარა ჰარვიმ ერთობლივ განცხადებაში. „შეშლილი მეფე“ იქნება „სამეფო კარის თამაშების“ მესამე პროექტი, რომელიც 2026 წელს გამოვა. ახალი პრიკველ-სერიალი „შვიდი სამეფოს რაინდი“ (A Knight of the Seven Kingdoms) პირველ სეზონს ასრულებს, ხოლო HBO-მ ახლახან განაცხადა, რომ „დრაკონის სახლი“ (House of the Dragon), კიდევ ერთი პრიკველ-სერიალი, ამ ზაფხულს მესამე სეზონით დაბრუნდება. „სამეფო კარის თამაშების“ ფრენჩაიზი 2025 წელს საკმაოდ მშვიდი იყო, თუმცა წელს ძალიან აქტიურია. როგორც ჩანს, HBO ამ ტემპის შენარჩუნებას აპირებს, რადგან სხვა „სამეფო კარის თამაშების“ სპინ-ოფებზეც მუშაობს, რომლებიც ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა წარმოებაში. „სამეფო კარის თამაშები: შეშლილი მეფე“ თავისთავად დიდი გაფართოებაა. სცენაზე გადმოტანით, „სამეფო კარის თამაშები“ მიჰყვება სხვა მეგა-ფრენჩაიზების კვალს, როგორიცაა „ჰარი პოტერი“ — რომელიც 2016 წელს სასცენო სპექტაკლით „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ (Harry Potter and the Cursed Child) გაფართოვდა — და „უცნაური ამბები“ (Stranger Things), რომლის სასცენო სპექტაკლი „უცნაური ამბები: პირველი ჩრდილი“ (Stranger Things: The First Shadow) 2023 წელს შედგა. „სამეფო კარის თამაშები: შეშლილი მეფის“ პრიორიტეტული ბილეთები 14 აპრილიდან გაიყიდება. სპექტაკლის ზუსტი პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია.