ნიკ ვივარელი, საერთაშორისო კორესპონდენტი შაჰრბანო სადათის ფილმი „ცუდი კაცები არ არსებობენ“, რომელიც ბერლინის კინოფესტივალს ხსნის, რომანტიკას, პოლიტიკასა და იუმორს აერთიანებს ისე, როგორც ეს ავღანურ კინოს არასდროს გაუკეთებია. ფილმი მოგვითხრობს ქაბულის სატელევიზიო არხის ოპერატორი ქალის ისტორიას, რომელიც არათავდადებული ქმრის დატოვების შემდეგ 3 წლის შვილის მეურვეობისთვის იბრძვის. ამავდროულად, იგი რომანტიკულ ურთიერთობაში ეხვევა არხის ვარსკვლავ ჟურნალისტთან, 2021 წელს თალიბანის მიერ ქაბულის აღებამდე ცოტა ხნით ადრე. ავღანელი რეჟისორის წინა ორი ფილმი, 2016 წლის „მგელი და ცხვარი“ და 2019 წლის „ობოლთა სახლი“, კანის კინოფესტივალის „რეჟისორთა ორკვირეულზე“ იყო ნაჩვენები. „ცუდი კაცები არ არსებობენ“ მთავარი პროდიუსერები არიან გერმანული და დანიური „Adomeit Film“ („კვადრატი“). სადათმა „Variety“-სთან ფილმზე ისაუბრა. მისი თქმით, წინა დრამატული ნამუშევრების შემდეგ, მას რომანტიკული კომედიის გადაღების სურვილი გაუჩნდა. „მსურდა რომანტიკული კომედია გადამეღო, რადგან მივხვდი, რომ ავღანეთის შესახებ პოპულარული ფილმები ომის დრამებია. აღარ მინდოდა მსგავსი ფილმის შექმნა. მე ავღანეთიდან ვარ, ქვეყნიდან, სადაც კინოინდუსტრია არ არსებობს. საერთაშორისო რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებში ჩვენ არასწორად ვართ წარმოდგენილები. ჩემთვის ეს იყო კითხვა: „როგორ შევქმნა ავთენტური ფილმი ქალზე, რომელსაც ვიცნობ?“ ვიფიქრე: „რა მოხდება, თუკი რომანტიკულ კომედიას გადავიღებ?“ თუმცა, როგორც კი დაფინანსებაზე დავიწყეთ მუშაობა, მივხვდი, რამდენად არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს ფონდები ავღანური რომანტიკული კომედიის დაფინანსებისას, რადგან მათ უბრალოდ არ ესმოდათ ამის არსი“, – განაცხადა სადათმა. რეჟისორი ავღანეთში გადაღებული რომანტიკული კომედიის შექმნის სირთულეებზეც საუბრობს. „ეს იყო ის დრო [2021], როდესაც ავღანეთიდან გერმანიაში გამაქციეს. არსებობდა ასეთი განწყობა: „ჩვენი ინსტიტუტისთვის შეუფერებელია რომანტიკული კომედიის დაფინანსება, მაშინ როცა მამაცი ავღანელი ქალები ქუჩებში თალიბანის წინააღმდეგ იბრძვიან.“ მე ვპასუხობდი: „მეც მათ შორის ვიყავი!“ მაგრამ ასევე მინდოდა მესაუბრა ავღანელ მამაკაცებზე – კარგ მამაკაცებზე. ვიცით, რომ ავღანელი მამაკაცები ძალადობრივები არიან, მაგრამ ავღანეთში სხვა რეალობაც არსებობს. გვყავს კარგი და ცუდი კაცები. მათ არასოდეს ეძლევათ წარმოდგენის საშუალება. ამიტომ ვიფიქრე: გადავიღებ ფილმს ქალებზე, რომელიც ამავდროულად იქნება სასიყვარულო წერილი ყველა კეთილი კაცისთვის“, – ამბობს რეჟისორი. ფილმი წარმოდგენილია, როგორც პირველი ავღანური ფილმი ეკრანზე კოცნის სცენით, ასევე, სავარაუდოდ, პირველი, სადაც ვიბრატორია ნაჩვენები. „ალბათ პირველი და უკანასკნელი! სინამდვილეში, არაფერზე არ მიფიქრია. რადგან მოგზაურობიდან დაბრუნებულს ქაბულში მცხოვრები ჩემი მეგობრებისთვის სექს-სათამაშოები საჩუქრად მიმქონდა. ასე რომ, ჩემთვის ეს უბრალოდ ისეთი რამაა, რაც ხდება. ჩემი ფილმი არ არის მიზანმიმართული. არ მიცდია მისი იქ განთავსება რაიმე განსაკუთრებული მიზეზით. მაგრამ ეს საინტერესოა, რადგან ავღანური საზოგადოება ძალიან კონსერვატიულია. ამიტომ, როდესაც რაღაც აკრძალულია, მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალია“, – აღნიშნავს სადათი. მიუხედავად იმისა, რომ „ცუდი კაცები არ არსებობენ“ დასავლურ აუდიტორიაზეა გათვლილი, რეჟისორი ფილმის ავღანელი მაყურებლებისთვის შექმნაზეც საუბრობს და მათ მიერ ფილმის არალეგალურად ნახვის ალბათობასაც განიხილავს. „ჩემს გონებაში, მე ვარ ავღანელი რეჟისორი, რომელიც ფილმებს ავღანელი ხალხისთვის იღებს. ეს ყოველთვის პრობლემაა ჩემსა და ჩემს პროდიუსერს შორის, რადგან ის მეუბნება: „ბოლოს და ბოლოს, ის ევროპის კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები!“ მე ვპასუხობ: „შესანიშნავია, მაგრამ ეს არ არის ის აუდიტორია, რომელზეც ვფიქრობდი ფილმის წერისას!“ ქაბულში ყოფნისას კინოთეატრები არ იყო. ასე რომ, რა თქმა უნდა, ფილმებს ინტერნეტით არალეგალურად ვუყურებდი. საბოლოოდ, ვფიქრობ, ეს არის ფილმი, რომელიც ავღანურ საზოგადოებას სასოწარკვეთილად სჭირდება. არ ვარ გულუბრყვილო ან ოპტიმისტი, რომ მათ მას დადებითად მიიღებენ. სინამდვილეში, ვიცი, რომ ზოგიერთი არ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემი გულის სიღრმიდან შევქმენი. მაგრამ უარეს შემთხვევაში, ეს საუბარს დაიწყებს – არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებელს“, – დაასკვნა რეჟისორმა. ეს ინტერვიუ სიცხადისთვის შემოკლდა და რედაქტირდა.