ვინსენტ დ'ონოფრიო „მტკიცედ“ და „ბრუტალურად“ აანონსებს „დერდევილის“ მეორე სეზონს
გართობა, სერიალები
📅 10.02.2026
👁 143 ნახვა
ვინსენტ დ'ონოფრიო, უილსონ ფისკის, იგივე კინგპინის როლის შემსრულებელი, აცხადებს, რომ სერიალ „დერდევილი: თავიდან დაბადებული“ მეორე სეზონი პირველზე გაცილებით ინტენსიური და სასტიკი იქნება. მსახიობმა ასევე ისაუბრა პირველი სეზონის შექმნის პროცესში არსებულ სირთულეებზე და აღნიშნა, რომ მეორე სეზონი იქნება სწორედ ისეთი შოუ, როგორის გაკეთებაც თავიდანვე სურდათ. პრემიერა 2026 წლის 24 მარტს, Disney+-ზე შედგება.
ვინსენტ დ'ონოფრიოს კარიერაში მრავალი გამორჩეული პერსონაჟი განუსახიერებია, თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა ისეთი შთამბეჭდავი და ცნობილი, როგორც უილსონ ფისკი, იგივე კინგპინი, სერიალიდან „დერდევილი/დერდევილი: თავიდან დაბადებული“. „თავიდან დაბადებულის“ მეორე სეზონი მალე გამოვა და დ'ონოფრიო თვითონვე აცხადებს, რომ ის პირველ სეზონზე გაცილებით ინტენსიური იქნება, რაც საკმაოდ მაღალ მოლოდინს ქმნის!
მსახიობი როდ აილენდის Comic Con-ს ესწრებოდა (CinemaBlend-ის ცნობით), თანავარსკვლავებთან, დებორა ენ ვოლთან და უილსონ ბეტელთან ერთად, სადაც პანელური კითხვა-პასუხის სესიაზე მთავარი განსახილველი თემა მეორე სეზონი იყო. ბეტელმა, რომლის ნახევრად ბოროტმოქმედი პერსონაჟი, „ბულსაი“, უფრო დიდ როლს შეასრულებს, ახალი ეპიზოდები შეაქო და პირველ სეზონს შეადარა, აღნიშნა რა, რომ ისინი Netflix-ის სერიალს ისე არ ჰგავდა, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო. დ'ონოფრიომ შემდეგ დაამატა: „თქვენ გელით საკმაოდ ინტენსიური სეზონი. ის ნამდვილად ინტენსიურია. ეს არ არის მსუბუქი სიუჟეტი. ვგულისხმობ, რომ ის ჯოჯოხეთურად სასტიკია. მეორე სეზონი ჩემთვის უფრო ამაღელვებელი იყო.“
მან პირველ სეზონზე უარყოფითად ისაუბრა, ეტყობა, უკმაყოფილო იყო მისი განვითარებით, რომელმაც საბოლოოდ ამ დიდებულ მეორე სეზონამდე მიგვიყვანა. „ჩვენ შევძელით, პირველი სეზონი „ფრანკენშტეინის“ მსგავსად „აწყობილიყო“, რათა მივსულიყავით იმ შოუს მეორე სეზონამდე, რომლის გაკეთებაც ნამდვილად გვსურდა. პირველი სეზონის ნაწილი ისეთი რაღაცებია, რასთან ერთადაც გვიწევდა ცხოვრება, რადგან უკვე გადაღებული გვქონდა. ბევრი რამ გადავიღეთ ხელახლა. ვიტყოდი, 60%, მაგრამ ზოგიერთი რამ შეუძლებელი იყო. მეორე სეზონი იყო პირველი შემთხვევა, როცა შევძელით გაგვეკეთებინა ისეთი შოუ, როგორიც გვინდოდა.“
პირველ სეზონს ნამდვილად ჰქონდა დაბრკოლებები, რადგან ორიგინალი სცენარისტები შეიცვალნენ მას შემდეგ, რაც უკვე ბევრი მასალა იყო გადაღებული. იმედია, ახლა ეს სირთულეები უკვე წარსულშია და მსახიობების მიერ დაპირებულ სამოქმედო ამბავს ვიხილავთ.
„დერდევილი: თავიდან დაბადებული“ მეორე სეზონის დებიუტი Disney+-ზე 2026 წლის 24 მარტს შედგება.
წყარო: geektyrant.com
გაზიარება