2024 წლის 29 აგვისტოს, „ტერმინატორის“ ფრენჩაიზს ახალი ნაწილი შეემატა – რვაეპიზოდიანი ანიმე სერიალის „ტერმინატორი ნული“ (Terminator Zero) პირველი სეზონი, რომელიც იაპონურმა ანიმაციურმა სტუდია Production IG-მ და Netflix-ის სტრიმინგ სერვისმა წარმოგვიდგინეს. თუ გაინტერესებდათ, რატომ აღარაფერი ისმოდა სერიალის შესახებ მას შემდეგ... ის გაუქმდა. „ტერმინატორი ნული“ „ტერმინატორის“ დადგენილ სამყაროში ვითარდება, მაგრამ ახალ პერსონაჟებზეა ფოკუსირებული. მეთსონ ტომლინი, რომელიც მუშაობდა ფილმის „ბეტმენი“ და მისი მომავალი გაგრძელების სცენარებზე, ამ სერიალის სცენარისტი და შოურანერია. სერიალის მოკლე აღწერა ასეთია: 2022 წელი: მომავლის ომი ათწლეულების განმავლობაში მძვინვარებს ადამიანთა მცირერიცხოვან გადარჩენილებსა და მანქანების უსასრულო არმიას შორის. 1997 წელი: ხელოვნურმა ინტელექტმა, სახელად Skynet-მა, თვითშეგნება მოიპოვა და კაცობრიობის წინააღმდეგ ომი დაიწყო. მომავალსა და ამ წარსულს შორის მოხვედრილია ჯარისკაცი, რომელიც დროში უკან გაიგზავნა კაცობრიობის ბედის შესაცვლელად. ის 1997 წელს ჩადის, რათა დაიცვას მეცნიერი მალკოლმ ლი, რომელიც მუშაობს ახალი ხელოვნური ინტელექტის სისტემის გაშვებაზე. ეს სისტემა შექმნილია Skynet-ის მოახლოებულ თავდასხმასთან კონკურენციისთვის. სანამ მალკოლმი თავისი ქმნილების მორალურ სირთულეებში ერკვევა, მას მომავლიდან უმოწყალო მკვლელი დასდევს, რაც სამუდამოდ ცვლის მისი სამი შვილის ბედს. „ტერმინატორი ნული“ გადაიღო მასაში კუდომ, რომელიც ცნობილია ანიმე სერიალ „ბლიჩზე“ (Bleach) მუშაობით. ტომლინი აღმასრულებელ პროდიუსერად მუშაობდა დევიდ ელისონთან, დანა გოლდბერგთან და სკაიდენსის (Skydance) დონ გრეინჯერთან ერთად. გახმოვანებაში მონაწილეობდნენ: როსარიო დოუსონი (Ahsoka) კოკოროს როლში – „მოწინავე ხელოვნური ინტელექტი და იაპონიის პასუხი Skynet-ზე; ონლაინ გაშვების შემთხვევაში, კოკორო Skynet-ის მსგავსი ძალით იქნება დაჯილდოებული. კოკორომ თავად უნდა გადაწყვიტოს: არის თუ არა კაცობრიობა ის ჭირი, რასაც Skynet ფიქრობს? თუ ადამიანები გადარჩენად ღირს?“; ანდრე ჰოლანდი (The Knick) მალკოლმ ლის როლში – „გენიოსი კომპიუტერული პროგრამისტი და სამი შვილის მამა, მალკოლმ ლი აპოკალიფსური მომავლის წინასწარმეტყველური კოშმარებით არის შეპყრობილი. მან ბოლო ათწლეული ფარული ხელოვნური ინტელექტის შექმნას მოანდომა, რომელსაც კაცობრიობის უკანასკნელ იმედად მიიჩნევს.“; სონოია მიზუნო (Crazy Rich Asians) ეიკოს როლში – „განკითხვის დღის შემდგომი 2022 წლიდან მოსული ეიკო წინააღმდეგობის მებრძოლია, რომელიც დროში უკან გაიგზავნა, რათა მალკოლმს კოკოროს გაშვება შეაჩეროს.“; და ენ დაუდი (The Handmaid’s Tale) წინასწარმეტყველის როლში – „მომავალში, წინასწარმეტყველი ადამიანთა წინააღმდეგობის ფილოსოფიური მეგზურია, სინათლე, რომელიც გადარჩენილებს უცნობი მომავლის სიბნელეში მიუძღვის.“ ტიმოთი ოლიფანტმა (Justified) ტერმინატორს გაახმოვანა. ტომლინმა სოციალურ მედიაში დაადასტურა „ტერმინატორი ნულის“ გაუქმება. მან დაწერა: „კრიტიკოსებისა და მაყურებლის შეფასება ფანტასტიკური იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკმარისად ბევრმა ადამიანმა არ უყურა. სიამოვნებით განვახორციელებდი მომავლის ომს, რომელიც მეორე და მესამე სეზონებში მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ დასრულდა ის ამჟამინდელ მდგომარეობაში. შესაძლოა, ოდესმე დიდი თრედი გავაკეთო ჩემს გეგმებზე ხუთი სეზონის განმავლობაში. სერიალის ფინალი განსაკუთრებული იყო და ის ჩემი წინადადების ნაწილი იყო, რომ სამსახური მიმეღო. მე მაქვს დაწერილი მეორე სეზონის ყველა სცენარი და მოკლედ ჩამოყალიბებული თითქმის მთელი მესამე სეზონი... შესაძლოა, ამ სამყაროს სხვა ფორმით დავუბრუნდე. მე ნამდვილად მიყვარს ის და ძალზედ სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ რამდენი ადამიანი დაუკავშირდა მას ისე, როგორც ეს მოხდა.“ მან დაამატა: „Netflix მართლაც შესანიშნავად უჭერდა მხარს შოუს და მომცა უზარმაზარი შემოქმედებითი თავისუფლება, რომ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა. კარგი პარტნიორები. შოუ ძვირი და ძალიან შრომატევადი იყო. ერთადერთი გზა, რომლითაც მათ შეეძლოთ ამის გამართლება, იყო ის, რომ მაყურებელი გამოჩენილიყო, რაც არ მომხდარა. მე ასევე ვიტყვი, რომ მათ შემომთავაზეს, რომ კიდევ 2, შესაძლოა 3 ეპიზოდი გამეკეთებინა სიუჟეტის დასასრულებლად, რაზეც უარი ვთქვი. ვგრძნობდი, რომ ისტორია, რომლის მოყოლაც მინდოდა, ბევრად გრძელი იყო და პირველი სეზონის ფინალმა სიტუაცია რეალურად კარგ ადგილას დატოვა. მაგრამ მათ არ მოეთხოვებოდათ ამის შეთავაზება. კარგი პარტნიორები იყვნენ აქ.“